საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკის 61-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს 1, ვერცხლის 2, ბრინჯაოს 2 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვა!

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკის 61-ე  საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს 1, ვერცხლის 2,  ბრინჯაოს 2 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვა! 

 

მათემატიკის 61-ე  საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარებული კონკურსით შეირჩა. 2020 წლის ეროვნული ნაკრების ექვსივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა: ნიკა ბირკაძე, თეიმურაზ თოლორაია, ლუკა მუშკუდიანი, ანა ონოფრიშვილი, ზაურ ბოკელავაძე, მიხეილ კვინიკაძე.

 

ნაკრების ლიდერი -  პროფესორი გიორგი ჭელიძე;  ნაკრების თანალიდერი - პროფესორი გივი ნადიბაიძე.

 

მათემატიკის უპირველეს ტურნირში, მათემატიკის 61-ე  ოლიმპიადაში 105 სახელმწიფოს  600-ზე მეტი  მოსწავლე მონაწილეობდა. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ოლიმპიადა დისტანციურად ჩატარდა და მას ორგანიზება სანკტ-პეტერბურგმა გაუწია. საერთაშორისო ოლიმპიადაზე თითო ქვეყნიდან 6  მოსწავლე მონაწილეობს.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგები: ნიკა ბირკაძე  - ოქროს მედალი, თეიმურაზ თოლორაია - ვერცხლის  მედალი, ლუკა მუშკუდიანი - ვერცხლის მედალი, ანა ონოფრიშვილი - ბრინჯაოს მედალი, ზაურ ბოკელავაძე -ბრინჯაოს მედალი, მიხეილ კვინიკაძე -საპატიო სიგელი.

 

საქართველოს ნაკრები გუნდურ არაოფიციალურ ჩათვლაში ირანთან და იაპონიასთან ერთად მე-18 ადგილზე გავიდა. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპადებზე საქართველოს მოსწავლეების მიერ აღებული ოქროების რაოდენობამ 4 - ს მიაღწია. საქართველოს ნაკრების მოსწავლეებს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 4, ვერცხლის 22 ,  ბრიჯაოს 68 მედალი და 50 საპატიო სიგელი აქვთ მოპოვებული.

 

აღსანიშნავია, რომ ნიკა ბირკაძეზე უკეთესი შედეგი ოლიმპიადაზე მხოლოდ სამმა მოსწავლემ აჩვენა. სამივე მათგანი ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრია.  ნიკას  მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოქროს 1, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1  მედალი აქვს მოპოვებული.

 

თეიმურაზ თოლორაიასთვისა  და ლუკა მუშკუდიანისთვის ეს მესამე მედალი იყო მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.            

 

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და გულშემატკივრებს  და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!

 

http://imo-official.org/year_individual_r.aspx?year=2020


ზემოთ